სპეციალისტები გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბერ-იანვარში ვარაუდობენ
საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული და საერთოდ, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა ისევ დაბალი რჩება, თუმცა ახლო მომავალში გრიპის ვირუსების მატებას ველით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზამთრის სეზონზე რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს და ამ პერიოდში პერიოდულად სხვადასხვა ვირუსი აქტიურდება, რომელიც მოსახლეობის ავადობას იწვევს.
„გასული კვირის მონაცემებით, გავრცელებულია სულ მცირე სამი ტიპის რესპირაციული ვირუსები, რომელიც იწვევს მსგავს დაავადებას, როგორიცაა გრიპი და მათი გადატანა მოსახლეობისათვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ესაა პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, რომელიც ახლა ცირკულირებს გარემოში“, – განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, გრიპის ტიპის ვირუსს ფართო გავრცელება ჯერ არ აქვს. ყველაზე მაღალი ალბათობით, მომავალი პერიოდისთვის მოცირკულირე იქნება H3 ან B-ს რომელიმე ქვეტიპის ვირუსები.
„წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება, ვირუსების გავრცელება რომელ პერიოდში მოხდება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ამისთვის მიმდინარეობს წინასწარი მონიტორინგი და ზედამხედველობა. მას შემდეგ, რაც პირველად რეგისტრირდება გრიპის ტიპის ვირუსი, ორი კვირა მაინც არის საჭირო, რომ ვირუსმა პიკისკენ დაიწყოს სვლა. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით, დეკემბრის ბოლო პერიოდს ემთხვევა. სწორედ მაშინ გამოჩნდება გრიპის ვირუსი და იანვარში აღწევს პიკურ სიდიდეებს“, – აღნიშნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ხდება და ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში.
„ამ პერიოდისთვის გრიპის ვირუსში არავითარი მოულოდნელობა არ არის. ვგულისხმობ ვირუსის შიგნით ისეთ მუტაციას, რომელმაც შეიძლება მოსახლეობაში ზომაზე მეტი ავადობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რამდენიმე სახის რეკომენდაციით მიმართავს. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რეკომენდაციები ორ ნაწილად უნდა გაიყოს.
„პირველი რეკომენდაცია უნდა მივუძღვნათ გრიპს, რადგან რესპირაციული ვირუსებიდან ერთადერთი ვირუსია, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და აქ რეკომენდაცია არის ერთადერთი – მოსახლეობამ ჩაიტაროს იმუნიზაცია, ვინაიდან იმუნიზაცია იცავს მაღალი ავადობისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. იმუნიზაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია მაღალი რისკის ადამიანებისთვის, რომელთაც აქვს გრიპის გართულების მაღალი რისკი. ახლა კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია და ის ადამიანები, რომლებიც იმუნიზაციას მიმართავენ, ან არ დაავადდებიან ან თუ დაავადნენ, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება. ყველა სხვა რესპირაციული დაავადების თავიდან აცილებისთვის კიდევ ორი სახის რეკომენდაცია არსებობს. პირველი – არ გაავრცელოთ ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ ავადობის შემთხვევაში, მოსახლეობას მოვუწოდებთ შინ დარჩნენ. მეორე – ჩაიტარეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულებით. ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, სივრცეები გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.