სოზარ სუბარი - სამნიძის განცხადებებიც დიდად არ განსხვავდება თავისი კოლეგებისგან, რომლებსაც ამხელს, უბრალოდ, დღეს, როცა შეიცვალა ევროკავშირში განწყობები, გადაწყვიტა, სხვა ნავში გადაჯდეს
ხათუნა სამნიძის განცხადებებიც დიდად არ განსხვავდება თავისი კოლეგებისგან, რომლებსაც გულმხურვალედ ამხელს, უბრალოდ, დღეს, როცა შეიცვალა ევროკავშირში განწყობები და დიდი ალბათობაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, გადაწყვიტა, სხვა ნავში გადაჯდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ხათუნა სამნიძემ თქვა ის, რაც ისედაც ძალიან კარგად იცოდა საქართველოს მოსახლეობამ.
„რა თქმა უნდა, უფრო მეტი მტკიცებულების ხასიათი აქვს, როცა ადამიანი ამას ამბობს შიგნიდან, ხათუნა სამნიძემ გაამჟღავნა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. არ არსებობს უფრო დიდი ანტისახელმწიფოებრივი საქმე და უფრო დიდი რუსული საქმე დღეს, ვიდრე არის ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს. ისინი დადიან ევროპაში, ევროკავშირის ლაბირინთებში თუ დერეფნებში, დადიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან შეხვედრებზე და ყველგან ცდილობენ, საქართველო დააზიანონ. ამაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს. ისინი არიან, უბრალოდ, ქვეყნის მტრები. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მართლა ისეთი პოზიცია, რომ საქართველოსთვის არ იქნება კარგი ევროკავშირის წევრობა. მაგალითად, როდესაც „გირჩის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ ევროკავშირზე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მათი ხედვები როგორ შეიძლება თავსებადი იყოს ევროკავშირის წევრობასთან. ამიტომ ისინი თუ პირდაპირ იტყვიან, რომ ევროკავშირი მათთვის მიუღებელია, ეს იქნებოდა გაცილებით პატიოსანი მათი მხრიდან. დანარჩენი ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ მათ უნდათ ევროკავშირში წევრობა და საქართველოს ხელისუფლება, მმართველი ძალა, საპარლამენტო უმრავლესობა (ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასაც“ და „ხალხის ძალასაც“ ვგულისხმობ) თითქოს ხელს ვუშლით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, პარალელურად, ისინი დადიან მთელ ევროპაში და ყველაფერს აკეთებენ, რათა სტატუსი არ მივიღოთ, ეს არის ქვეყნის მტრობა, ფარისევლობა, მოტყუება და ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ამომრჩეველი ამას კარგად ხედავდა და კიდევ უკეთესად დაინახავს დღეს. ასე რომ, მადლობა ხათუნა სამნიძეს თავისი კოლეგების, და დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავის მხილებისთვისაც. რამდენადაც ვიცი, ხათუნა სამნიძის განცხადებებიც დიდად არ განსხვავდება იმ მისი კოლეგების განცხადებებისგან, რომლებსაც დღეს ასე გულმხურვალედ ამხელს. ერთი წუთით არ წარმოიდგინოთ, რომ მე მაქვს განცდა, თითქოს ხათუნა სამნიძე გამოსწორდა და დღეს სხვანაირად ფიქრობს, ვიდრე მაშინ, როცა ევროდერეფნებში ლაპარაკობდა იმას, რასაც თავის კოლეგებზე ამბობს დღეს, უბრალოდ, დღეს, როცა მართლა შეიცვალა ევროკავშირში განწყობები და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, გადაწყვიტა, სხვა ნავში გადაჯდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ გუშინ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“. ამასთან, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, საქართველომ სტატუსი არჩევნების შემდეგ მიიღოს, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება.