ხათუნა სამნიძე - ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ
ხათუნა სამნიძე - ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ

ვინმე თუ ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, არა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც შემდეგ, მათ შორის, მეც მეუბნებიან, როგორია თქვენი გზავნილი, ვერ გავიგეთო,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ერთი მხრივ, არის საუბარი, რომ, შესაძლებელია, სტატუსმა, რომელსაც მიიღებს ქვეყანა (და იმედი მაქვს, რომ მიიღებს, უკვე ისმის პოზიტიური გზავნილები ამასთან დაკავშირებით), შესაძლებელია, ხელი მისცეს „ქართულ ოცნებას“, არჩევნებისთვის გაძლიერდეს. მე ვთხოვ მაყურებელს, ყველას, ვინც ამას ამ კუთხით უყურებს, შეხედოს მეორე მხარეს, სტატუსი რომ არ მიიღოს ქვეყანამ და ასეთ ვითარებაში ჩავვარდეთ, როგორ გაძლიერდება ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, როგორ არჩევნებს ჩაატარებს და როგორ დარჩება მთელი ქვეყანა რუსეთის პირისპირ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, არა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც შემდეგ ჩვენ, მათ შორის მეც მეუბნებიან, როგორია თქვენი გზავნილი, ვერ გავიგეთ, თქვენ ამბობთ, თავს იკლავთ, რომ გჭირდებათ სტატუსი, ეს სჭირდება ქვეყანას, ხელისუფლება მიდის და მოდის, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას – შენ ამას მეუბნები, რამდენიმე შენი კოლეგა, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, რომლებიც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს კონკრეტული ვიზიტები კონკრეტულ დედაქალაქებში, ამაზეც ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ამ დროს არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და, ვფიქრობ, ხელს უშლიან ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამას პირველად ვამბობ ეთერში თქვენთან, ეს ინფორმაცია დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ბოლო დღეებში, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ დიახ, ეს ასე ხდება. მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, თქვენი ეთერითაც და ისედაც ვთხოვო, გასაგებია, ვიცით უკვე ვისზე და რაზეა საუბარი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას უთხრან საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომ ეს არის სწორი. მათ იციან, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ  „ტვ პირველის“ ეთერში.