სოზარ სუბარი - როცა ადამიანის გარდაცვალებაზე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იხურება
სოზარ სუბარი - როცა ადამიანის გარდაცვალებაზე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იხურება

ადამიანის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი თუ არ არსებობს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იხურება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ გარდაცვლილი პირების შეყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნული პირების გვარები უნდა იყოს სიაში მანამ, სანამ სისხლის სამართლის საქმე დახურული არ არის.

„როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთანაც არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ურთიერთობა, ადამიანის გარდაცვალების შესახებ თუ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, მასზე სისხლის სამართლის საქმე არ იხურება. ამდენად, სანამ სისხლის სამართლის საქმე არ არის დახურული, იმის გამო, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილად არის მიჩნეული, მანამ ვალდებული ვართ ამ პირების სახელი იყოს სიაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, რეზოლუციაში  მკაფიოდ იყო ხაზგასმული, რომ სიაში უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

„შესაბამისად, საქართველოს მთავრობა იყო შემოსაზღვრული ამ მოცემულობით. ამას ჩვენ ვერ გავცდებოდით და ამის საშუალებას არ გვაძლევდა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. სია არ არის დახურული, გაფართოვდება მომავალშიც, იმის მიხედვით, რის საშუალებასაც პარლამენტის დადგენილება გვაძლევს. თუ დადგენილება გაფართოვდა, შესაძლოა, ამის შემდეგ სიაც გაფართოვდეს, შეიცვალოს და გავრცელდეს თანამდებობის პირებზე. ამ წუთში, პარლამენტის დადგენილება ამის შესაძლებლობას არ იძლევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

ამასთან, როგორც დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, ასევე მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.