სერგი კაპანაძე მთავრობას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოებისკენ მოუწოდებს
სერგი კაპანაძე მთავრობას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოებისკენ მოუწოდებს

ვიცე-სპიკერის, „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა.

სერგი კაპანაძე საქართველოს მთავრობას სიის გაფართოებისკენ მოუწოდებს.

“სიაში არ არიან შეყვანილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებზე ხელის დაფარვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში და ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებს შორის”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინება არის ის, რომ ამ სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.

„ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა კარგად გაიგონ, რომ მათ ამის გამო მოუწევთ ფასის გადახდა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.  დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, დოკუმენტი  პარლამენტს გადაეგზავნა. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალა. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ 33 პირია შეყვანილი.