სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები არიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ძველებიც და ახლებიც, არიან ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირსება და მათთვის ადამიანის ღირსების შელახვა არის ჩვეულებრივი ამბავი, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
„როდესაც ადამიანს ღირსება არ გააჩნია, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებს, ამიტომაც იყო რასაც აკეთებდნენ ცხრა წელი, ამიტომ არის, რომ დღეს ვერ აკეთებენ ამას და გულზე არიან გამსკდრები და სიტყვით ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც მანამდე საქმით აკეთებდნენ. სამარცხვინო ადამიანები არიან, სამარცხვინოებად შევიდნენ საქართველოს ისტორიაში და სამარცხვინოებად დარჩებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.