სოზარ სუბარი - მივიღებთ კანონებს, რომლის მსგავსს დასავლელი პარტნიორები იღებენ, მეორეხარისხოვანი სახელმწიფო არ ვართ, რომ ის, რაც მისაღებია მეგობარი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის მიუღებელი იყოს
საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო დაძლეული იქნება.
„ეს არის სუვერენული სახელმწიფოს უფლება და ეს პირობა იქნება მიყვანილი ბოლომდე, ვეტოს დაძლევას ვგულისხმობ. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაგვენაცვლებინა. მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საქართველოსთვისაა საჭირო და რომელთა მსგავს კანონებს დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ, ხოლო ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე დიდი ხნის წინ აქვს მიღებული. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი, ოღონდ გაცილებით მკაცრი, მოქმედებს თითქმის 80 წელია. საფრანგეთში ახლა მიიღეს, ბრიტანეთში დიდი ხანია, მიღებულია, ევროკავშირი ახლა იღებს და ჩვენ მეორეხარისხოვანი სახელმწიფო არ ვართ, კოლონია, რომ ის, რაც მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის მიუღებელი იყოს. სანქციებს რაც შეეხება, არანაირი სანქციის არ გვეშინია. ერთ მხარეს დგას საქართველოს ბედი, ჩავერთვებით ომში და ვნახავთ, გადარჩება თუ არა სახელმწიფო, მეორე მხარეს – გაუგებარი მუქარები, რომლისაც არავის არ ეშინია. საქართველოსთვის ომი როდესაც იყო, ვიყავი ომში და ვიყავი მენაღმე, ალბათ ყველაზე რთული და საშიში პოზიცია რაც არის. იქ არ მეშინოდა, რადგან ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა თავდადება, სიცოცხლე და როგორმე ვიზებით ვერ ამკრძალავთ“, – აცხადებს სუბარი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.