სოზარ სუბარი - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, დააზიანონ სახელმწიფო, ხელოვნურად შექმნან კრიზისი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ
„დღეს, წალენჯიხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე ფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია.
ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად. დღეს უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.