საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
სოზარ სუბარმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს.