კონგოში დატყვევებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, სოსო ოსორაულის დედა, კატო ოსორაული პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილი ცოცხალია.
კატო ოსორაულის თქმით, შვილმა გიორგი ოსორაულმა დაახლოებით ათი დღის წინ დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი ძმა სოსო ოსორაული ცოცხალია.
„ჩემი შვილი გიორგი ევროპაში დეკემბერის ბოლოს გაფრინდა. მას დაახლოებით ათი დღის წინ ტელეფონზე დაველაპარაკეთ და გვითხრა სასიხარულო ამბავი მაქვს, სოსო ცოცხალიაო. არ ვიცი, რაში დასჭირდა ხელისუფლებას მისი გარდაცვლილად გამოცხადება. ერთ კვირაში წელიწადი გახდება სოსოს დატყვევებიდან და ამ დროის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ სწორი ინფორმაცია. მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, სადაც სოსოს გარდაცვალება იქნებოდა დადასტურებული. ასევე იმის შესახებ, რომ რეალურად იმყოფებოდა იქ ქართული დელეგაცია და მოლაპარაკებები მართლა შედგა თუ არა, თუმცა უშედეგოდ. არავინ მოგვაქცია ყურადღება. ჩვენ ხელისუფლებისგან შუამავლის როლი გვინდოდა და არა ფული, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არაფერში დაგვხმარებია“, – განაცხადა კატო ოსორაულმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი და კონგოს სამხედრო ძალების მფრინავი ადგილობრივმა მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს დაატყვევეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, საქართველოს მოქალაქე იოსებ ოსორაულის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.