სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ. საუბარია ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ სამ ავტომობილზე.
20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინებაში მითითება არ არის და ამიტომ საპროცესო მოქმედებები უკანონოდ ხორციელდება. მისი განმარტებით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდან 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ, შესწავლის თანახმად, გოგაშვილების ქონებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები ვერ აღმოაჩინა.
ადვოკატ რამაზ ჩინძალაძის განმარტებით, ქონების დაყადაღებისა და ამოღების პრუცედურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება. სუს-ის თანამშრომლების განმარტებით კი, მათ მიერ ჩატარებული მოქმედებები სამართლებრივ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.