ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე - ჩემ ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რისიც უნდა მრცხვენოდეს და რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს
ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე - ჩემ ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რისიც უნდა მრცხვენოდეს და რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს

არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას სოსო გოგაშვილის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით.

„არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძალიან წყნარად. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება, იყოს“, – განაცხადა მურუსიძემ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ის გოგაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, როგორც უსაფუძვლოს, მურუსიძემ თქვა, რომ ამ თემაზე აღარ ისაუბრებს.

„რამდენჯერ უნდა გამამეორებინოთ? ამ თემაზე ვეღარ ვილაპარაკებ. სხვა თემაზე გადავიდეთ. იმიტომ, რომ ჩემთვის პიროვნულად ძალიან ძნელია ლაპარაკი ადამიანზე, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა და აღარ მინდა. ზოგადად, ძალიან განვიცადე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსვლა რომ მომიწია ამასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან განვიცდი და ეს იმდენად პიროვნულია, მერწმუნეთ, აბსოლუტურად არ ეხება სასამართლო სისტემას და მგონი, არ არის საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის“, – განაცხადა მურუსიძემ.

მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრული აბსურდია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან, ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუს-თან და მთავარი საკონტაქტო პირები „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა, უნდა შეესრულებინათ“.

მანამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ გეგმავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს პროკურატურაში უჩივლოს. მისი განმარტებით, გოგაშვილი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ არ შეწყდებოდა მის მიმართ სამართლებრივი დევნა, ის სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას მოახდენდა.