სოსო გიორგაძე - „საქპატენტში“ განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაუქმდა ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი მენეჯერული პოსტები
„საქპატენტში“ განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაუქმდა „საქპატენტში“ არსებული ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი მენეჯერული პოსტები, – ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუქმდა მენეჯერული თანამდებობები, რომელიც, მისივე თქმით, ხელოვნურად იყო გაზრდილი.
„მათ შორის გაუქმდა დეპარტამენტის უფროსის – ორი, ასევე სამმართველოს უფროსის – შვიდი, თავმჯდომარის მოადგილის – ერთი, თავმჯდომარის მრჩევლის – ერთი, სამმართველოს უფროსის მოადგილის ორი თანამდებობა. მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობები, არცერთი სხვა ქვედა რგოლის თანამშრომელი „საქპატენტიდან“ არ გათავისუფლებულა.
2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა ფუნქციური ანალიზი, სადაც მითითებული იყო, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი მენეჯერული პოზიციები და საჭიროა რეორგანიზაცია. „საქპატენტში“ დასაქმებული შტატიანი თანამშრომლებიდან, პრაქტიკულად, ყოველი მესამე იყო მენეჯერულ პოზიციაზე და იყო, პრაქტიკულად, უფროსი. როცა ორგანიზაციაში ყოველი მესამე არის უფროსი, შეუძლებელია ეფექტიანი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ორგანიზაციის ეფექტიანი მართვა. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, „საქპატენტში“ განხორციელდა რეორგანიზაცია. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ მენეჯერული პოზიციის პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა შრომის კანონმდებლობის სრული დაცვითა და გამჭვირვალობით“,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.
როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე აცხადებს, დასაქმებული პირები, ძირითადად სპეციალისტები, იღებდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ანაზღაურებას.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ხელმძღვანელს, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა, თუ მის სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა უფრო დაბალი რანგის პოსტი, აუცილებლად შევთავაზეთ, დაეკავებინა, თუკი ასეთი შტატი იყო, თორემ კიდევ შტატს მათთვის ხელოვნურად ვეღარ შევქმნიდით, ისედაც ხელოვნურად იყო გაბერილი „საქპატენტში“ დასაქმებული ადამიანების რიცხვი, განსაკუთრებით, თანამდებობები.
მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ისიც, რომ დასაქმებული პირები, ძირითადად სპეციალისტები, იღებდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ანაზღაურებას. მაგალითად, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მსგავს საქმეს აკეთებდნენ, იღებდნენ სხვადასხვა ანაზღაურებას. რეორგანიზაციამ და დაზოგილმა თანხებმა მოგვცა საშუალება, ამ ადამიანებისთვის, სპეციალისტებისთვის, რიგითი თანამშრომლებისთვის გაგვეზარდა იმგვარად ხელფასი, რომ გათანაბრებულიყო და დაახლოებით ერთი და იგივე ანაზღაურება მიეღოთ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს“,- აცხადებს გიორგაძე.
ამასთან, სოსო გიორგაძე განმარტავს, რომ გაუქმდა ხელოვნურად შექმნილი თანამდებობები, რომლებიც შემაფერხებელი იყო ორგანიზაციის მართვისა და განვითარებისთვის.
„ის, რომ მენეჯერული პოზიციების შემცირება იყო აუცილებელი, ერთ მაგალითს გეტყვით. ერთ დღეს დეპარტამენტში შემავალი ერთი სამმართველო გაიყო ორად. ერთს ეწოდა სამმართველო ნომერი ერთი, მეორეს – სამმართველო ნომერი ორი, ისე, რომ არც ფუნქციები გაზრდიათ, არც ახალი ფუნქციები დამატებიათ. მხოლოდ იმისთვის, რომ სამმართველოს უფროსის ახალი კანდიდატურა, ახალი პოზიცია გაჩენილიყო, შეიქმნა ახალი სამმართველო. ასე ხელოვნურად შექმნილი თანამდებობები, რომლებიც არა მხოლოდ არ გვჭირდებოდა, არამედ შემაფერხებელი იყო ორგანიზაციის მართვისა და განვითარებისთვის, გაუქმდა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, მივიღოთ ეფექტიანი, მოქნილი მმართველი რგოლი, რომელიც შეძლებს, დასახული მიზნები სწრაფად და დროულად განვახორციელოთ“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.