ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი „ღია საზოგადოება“ უნგრეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. სოროსი უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებს, რომელიც ინდივიდუალურ პირებს და ორგანიზაციებს არალეგალი მიგრანტების დახმარებას უკრძალავს და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.
ფონდ „ღია საზოგადოების“ სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი დემოკრატიას ძირს უთხრის და „საშიშ პრეცედენტს ქმნის“.
„კანონი სახელწოდებით „შეაჩერე სოროსი“ გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს, რაც ადამიანის უფლებაში ევროპული კონვენციით არის გარანტირებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოროსის ფონდის განცხადებით, სტრასბურგს იმის გამო მიმართავენ, რომ უნგრული სასამართლო უარს ამბობს მთავრობის გადაწყვეტილების გადახედვაზე.
„ერთადერთი, რასაც უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონი შეაჩერებს, დემოკრატიაა“, – განაცხადეს ფონდ „ღია საზოგადოებაში“.
მათივე თქმით, უნგრეთის მთავრობა განზრახ ავრცელებს სიცრუეს, რათა მოქალაქეებს დაუმალოს, რომ ეს კანონები სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისთვის არის გამიზნული.
უნგრეთის კანონმდებლობით, არალეგალი მიგრანტის დახმარებაში მხილებული პირს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.