სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“ წარმოადგინა
რუსთაველის თეატრის სცენაზე სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნოდარ დუმბაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“ წარმოადგინა.
სპექტაკლი საქართველოს დამსახურებული არტისტის, რუსთაველის თეატრის მსახიობის, სოსო ლაღიძის ხსოვნას მიეძღვნა,რომელიც ამავე სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებდა.
სომხური დრამატული თეატრის მსახიობების მიერ ერთ მოქმედებად შესრულებული სპექტაკლი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. როგორც თეატრის დირექტორმა, ლუიზა ხაჩატუროვამ განაცხადა, ეს მათ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სპექტაკლია.
„ნოდარ დუმბაძის პიესა „თეთრი ბაირაღები“ დავდგით. მასში მთავარ როლს სოსო ლაღიძე თამაშობდა, ამიტომ მივუძღვენით სპექტაკლი მის ხსოვნას. სპექტაკლის პრემიერა ოზურგეთში გაიმართა. ჩვენი დასის მიერ ეს ქართულად შესრულებული ერთადერთი სპექტაკლია“, – განაცხადა თეატრის დირექტორმა, ლუიზა ხაჩატუროვამ.
სპექტაკლი რეჟისორმა არმენ ბაინდურიანმა დადგა.