სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის სამხრეთით აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების მიმოსვლა გააქტიურდა
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების ფონზე, სომხეთის სამხრეთით აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების მიმოსვლა გააქტიურდა.
ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აზერბაიჯანული მხარე 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე სიტუაციის შეცვლას გამიზნულად ცდილობს.
შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
შეთანხმების თანახმად, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.