რუსული მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
რუსული მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა კონსულტაციებთან დაკავშირებული ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს.

რუსული მედია წერს, რომ შეთანხმების თანახმად, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

სერგეი ლავროვთან ერთად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის,ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა მოსკოვში ათ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადების ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყდება ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.

ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს, მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.

ამავე განცხადებით, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.