სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობის ბრალდებით, ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედროების მშობლები დააკავეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობის ბრალდებით ომში დაღუპული სამხედროების მშობლები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების მშობლები შენგავითის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც მანამდე ფაშინიანების ოჯახის კუთვნილმა გაზეთმა, „ჰაიკაკან ჟამანაკმა“ დაწერა, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს.
მედიის ცნობით, გატაცების მცდელობის მონაწილეები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აშოტ ფაშინიანს აიძულეს მათ მანქანაში ჩაჯდომა. მან მოახერხა გაჩერებული მანქანიდან გადასვლა, რის შემდეგაც აშოტს დაეჯახა ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი. აშოტ ფაშინიანს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები.