სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაქოში ყალიბდება სახიფათო რწმენა, რომ მათ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის იგნორირება შეუძლიათ, გარწმუნებთ, ამას თავისი შედეგები ექნება
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი და სამხრეთ კავკასია მსგავსი საფრთხეების წინაშე არიან, რომელიც ეფუძნება თურქეთის ექსპანსიურ პოლიტიკას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ერევნაში ბერძენ კოლეგასთან, ნიკოს დენდიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანი არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს და ამაში თურქეთი პირდაპირ არის ჩართული, რაც გამოიხატება არამხოლოდ სამხედრო მონაწილეობაში, არამედ უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გაგზავნაში.
„აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებას ცდილობს და გამიზნულად თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას. აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები უკვე დოკუმენტირებულია. აგრესიის შედეგად იზრდება იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, განადგურებულია არცახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რთულია იმის დამალვა, რომ ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ აგრესია ხორციელდება. არცახის მოსახლეობაში თავს ესხმიან ადამიანებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ისინი ძალის გამოყენებით, ომით და აგრესიით ცდილობენ საკითხის გადაწყვეტას. ყველაზე მნიშვენლოვანი საკითხი რაც სასწორზეა, არის არცახის მოსახლეობა, რომელიც იცავს არსებობის უფლებას. სომხეთი არის ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი და მთელი რესურსებით მზადაა, დაიცვას ეს მიზანი.
ორი მნიშვენლოვანი ფაქტორია – თურქეთი და საერთაშორისო ტერორისტები. ბაქოში ყალიბდება სახიფათო რწმენა და შეფსება, რომ მათ შეუძლიათ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის იგნორირება. გარწმუნებთ, რომ ამას თავის შედეგები ექნება. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ჩენი თანამემამულეების არსებით უსაფრთხოებაზე. ჩვენი თანამემამულეების თვითგამორკვევის უფლება აღიარებული უნდა იყოს. ჩვენთვის ეს პრიორიტეტია. ამ საკითხის გადაწყვეტა ძალის გამოყენებით შეუძლებელია. არცახის აღიარება აღმოფხვრის რისკებს, რაც მათ ფიზიკურ არსებობას საფრთხეს უქმნის“, – თქვა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.