სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყარაბაღში გაერო-ს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყარაბაღში გაერო-ს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყარაბაღში გაერო-ს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის წინააღმდეგ ძალას იყენებს. მისივე თქმით, არის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს მასობრივ დანაშაულებზე და რომ აზერბაიჯანს სურს, განახორციელოს ეთნიკური წმენდა.

არარატ მირზოიანის თქმით, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო ვალდებულია, დაგმოს აზერბაიჯანი, უზრუნველყოს დახმარების გაწევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, აიძულოს ბაქო, გაიყვანოს სამხედრო ძალები მშვიდობიანი სომხური დასახლებებიდან, უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება, აღადგინოს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს სურს მშვიდობის მიღწევა აზერბაიჯანთან.

„სომხეთის პოზიციის თანახმად, აუცილებელია მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებაზე დაყრდნობით. ეს არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ლიცენზია მასობრივი სისასტიკის ჩასადენად, მათ შორის, ეთნიკური წმენდის მთიან ყარაბაღში. სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული და საერთაშორისოდ გარანტირებული მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.