სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანისთვის გადაცემული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მთლიანად შეთანხმებულ ტექსტს შეიცავს
აზერბაიჯანისთვის გადაცემული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მთლიანად შეთანხმებულ ტექსტს შეიცავს, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
მირზოიანის თქმით, მე-10 რედაქტირება შეიცავს მანამდე მთლიანად შეთანხმებულ მუხლებს ან მუხლების ნაწილებს.
„ველოდებით აზერბაიჯანის რეაქციას. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ შემჭიდროებულ ვადებში ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მხრიდან მშვიდობის ფურცელი გადავშალოთ“, – განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კომუნიკაციებთან დაკავშირებით სომხეთის მიდგომები ასევე უცვლელია – ერევანი მზად არის, რაც შეიძლება მალე განიბლოკოს კომუნიკაციები „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის პრინციპების შესაბამისად.
მინისტრმა ასევე დააზუსტა, რომ შეთანხმების პროექტში 16 მუხლია. აქედან 13 მთლიანად შეთანხმებულია, სამი – ნაწილობრივ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ 17 მუხლის დასახელებას, მირზოიანის ვარაუდით, მან შესავალი ნაწილიც დათვალა.
„ტექსტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, სრულად შეთანხმებულია. ან სრულად შეთანხმებული მუხლებია, ან მანამდე შეთანხმებული მუხლების ნაწილები. ანუ შევთავაზეთ იმის ხელმოწერა, რაც უკვე შეთანხმებულია. ტექსტის ირგვლივ ფაქტობრივად არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანი სხვა თემების შემოტანას ცდილობს. ჩვენი პოზიციაა, რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი იმას, რაც უკვე შეთანხმებულია“, – აღნიშნა მირზოიანმა.
როგორც მან აღნიშნა, რა თქმა უნდა, ერთი შეთანხმებით ყველა საკითხი ვერ მოგვარდება, დანარჩენი საკითხების განხილვა შემდგომ მოლაპარაკებებზე შეიძლება, თუ მხარეები იქნებიან ამით დაინტერესებული.