სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხის გადაჭრის რუსული ვარიანტი აზერბაიჯანმა უარყო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხის გადაჭრის რუსული ვარიანტი აზერბაიჯანმა უარყო. ამის შესახებ განცხადება არარატ მირზოიანმა სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.
„იმის მტკიცება, რომ რუსეთი ყარაბაღის დარეგულირების საკუთარ ვარიანტში გამოვიდა წინადადებით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი სამომავლოდ გადაიჭრას, ხოლო დასავლეთის ვარიანტში ჩაწერილი იყო მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დატოვება, სრულ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ვარიანტი ითვალისწინებდა ყარაბაღის საკითხის გადაჭრის გადავადებას, თუმცა ის აზერბაიჯანმა უარყო.
„ახლა მხარეები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისკენ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.