სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა უკვე დაიწყო. ეროვნული კრების წევრები საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
პრეზიდენტობის კანდიდატს არმენ სარგსიანს პარლამენტში ამ წუთებში ელოდებიან.
დეპუტატები ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ და ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს.
საპრეზიდენტო კანდიდატი უკონკურენტოა. ის მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს. ისინი ვერც საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან ოპოზიციური ფრაქცია „წარუკიანი“ მხარს მმართველი პარტიის კანდიდატს უჭერს.
რაც შეეხება, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ის არმენ სარგსიანია, ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი. არმენ სარგსიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, მან სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ის კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ეცდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.