სომხეთის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ აირჩია
სომხეთის პარლამენტმა დღეს სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ აირჩია.
დასახელებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი. მის სასარგებლოდ ხმა არც ერთმა დეპუტატმა არ მისცა, წინააღმდეგი ერთი იყო, 11-მა კი თავი შეიკავა. ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად ასარჩევად აუციებელი იყო 53 ხმა.
ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა. ამ ნაბიჯით ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.
იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი ორი მცდელობით ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერ მოახერხებს, ეროვნულ კრებას დაითხოვენ, ქვეყანაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც პარტია პრემიერობის საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებს. ანალოგიურად მოიქცევა „დაშნაკცუთიუნიც“.
არჩევნების ჩატარების სავარაუდო თარიღი კი 9–10 დეკემბერია.