სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები მიუღებელია
სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, პარტია „დაშნაკცუტუნის“ წევრის, იშხან საგათელიანის თქმით, ვადამდელი არჩევნების შესახებ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება მიუღებელია.
როგორც საგათელიანი ამბობს, მთავრობა ადმინისტრაციული რესურსებით შეეცდება ვადამდელი არჩევნების ორგანიზებას.
სომეხი ოპოზიციონერი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ დღევანდელ დღეზე ჯერ კიდევ 5 დეკემბერს საუბრობდა და თავის ძველ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.
„ქვეყნის ნომერ პირველი ბოროტება ადმინისტრაციული რესურსებით შეეცდება ვადამდელი არჩვენების ორგანიზებას, რათა ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ეს ვარიანტი მიუღებელია. მოღალატის მოშორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რის შემდეგაც სომეხ ერს ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნები“, – აღნიშნავს საგათელიანი 5 დეკემბრის ვიდეომიმართვაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს და 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.