სომხეთის ოპოზიცია ხვალ, 7 მაისს მომხრეებს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ხვალ ერევანს ცნობილი ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ყოფილი სოლისტი სერჟ ტანკიანი ეწვევა, რომლის კონცერტიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
„ხვალ აეროპორტში დავხვდებით სერჟ ტანკიანს. 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით მოგმართავთ, შემდეგ კი სერჟ ტანკიანის კონცერტი გაიმართება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სერჟ ტანკიანმა მანამდე მხარი დაუჭირა სომხეთში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ის ბოლოს ერევანში 2015 წელს იმყოფებოდა. მაშინ ტანკიანის კონცერტს 50 000 ადამიანი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნები 8 მაისს გაიმართება. მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდათი – ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.