სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს

სომხეთში ქვეყნის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს, – იუწყება NEWS.am.

მედიის ცნობით, სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

2008 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციის ორი თანამშრომელი.

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი 26 ივლისს წაუყენეს.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, 2008 წლის დემონსტრაციების შესახებ საქმის გამოძიებას სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ღირსების საქმეს უწოდებენ. ფაშინიანი თავად მონაწილეობდა ოპოზიციურ მოძრაობაში, 2010 წელს კი არეულობების ორგანიზების ბრალდებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.​ ფაშინიანმა საპატიმროში ერთ წელზე მეტი გაატარა, 2011 წელს კი ამნისტიით გათავისუფლდა. სომხეთის პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ აქციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმის გამოძიებას წერტილი უნდა დაუსვას.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა.