სომხეთი ნატო-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 21“ მონაწილეობას აღარ მიიღებს
სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფი ნატო-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 21“ მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ადრე გაკეთებული ოფიციალური განმარტების მიუხედავად, მედიის მხრიდან კვლავ მომდინარე კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 21“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა.
„ევროპის დამცველი 21“-ში 27 ქვეყნის 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სწავლებაში საქართველოც მონაწილეობს.