სომალიში „წითელი ჯვრის" გერმანელი თანამშრომელი გაიტაცეს
სომალიში „წითელი ჯვრის" გერმანელი თანამშრომელი გაიტაცეს

სომალიში გერმანელი ექთანი მძევლად აიყვანეს. როგორც სააგენტო „Reuters“ -ი იტყობინება, გატაცებული ქალი მოგადიშოში, საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელ ჯვარში“ მუშაობდა და ის ორგანიზაციის შენობიდან გაიტაცეს. გამტაცებლები ექთანთან ერთად უკანა გასასვლელიდან გაიქცნენ.

„წითელ ჯვარში“ ამბობენ, რომ მათი თანამშრომლის გატაცების ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მძევლის გათავისუფლება მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს.

გამტაცებლების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სომალიში უცხოელებს ხშირად იტაცებენ. ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს სუნიტური რადიკალური დაჯგუფება „ალ-შაბაბი“, რომლის წევრებიც სომალიში „შარიათის წესის“ დამკვიდრებას ითხოვენ.