სომალიში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მებრძოლები აშშ-ის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ბაზის შესასვლელში დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. როგორც სააგენტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, აფეთქების შემდეგ ისმოდა ორმხრივი სროლის ხმა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.
სომალის სამხრეთ ნაწილში, ქვემო შაბელეს რეგიონში მდებარე სამხედრო ავიაბაზას ამერიკული ძალები „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ დრონების საშუალებით დარტყმების განხორციელებისთვის იყენებენ. ასევე აღნიშნული ბაზის ტერიტორიაზე ამერიკელი ინსტრუქტორები სომალელ სამხედროებს წვრთნიან.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა მოგადიშოში ევროკავშირის მშვიდობისმყოფელებზე.