სომალის უსაფრთხოების ძალებმა სასტუმრო „ჰაიათი“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი
სომალის უსაფრთხოების ძალებმა სასტუმრო „ჰაიათი“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი

სომალის უსაფრთხოების ძალებმა, მოგადიშოში ტერორისტებისგან სასტუმრო „ჰაიათის“გათავისუფლების ოპერაცია დაასრულეს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი.

იფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სომალის დედაქალქში მდებარე სასტუმრო „ჰაიათი“ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა პარასკევს საღამოს დაიკავეს. სომალის სპეციალური ძალების მიერ სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს 21 დაღუპული და 117 დაშავებული. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ეფუძნება საავადმყოფოს მონაცემებს. შესაძლებელია, არსებობდნენ გარდაცვლილები, რომლებიც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაკრძალეს ნათესავებმა“, – განაცხადა სომალის ჯანდაცვის მინისტრმა.

პოლიციის კაპიტან აჰმედის განცხადებით, სასტუმროს ეზოში შესული ტერორისტები ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სასტუმროს შენობისკენ გარბოდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა ყუმბარების გამოყენებით უსაფრთხოების ათი თანამშრომელი მოკლეს.

ბოლო ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა 106 მძევალი გაათავისუფლეს სასტუმროს შენობიდან, მათ შორის ბავშვები და ქალები.

თავდამსხმელთა რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.