თბილისში ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi გაიხსნა
თბილისში ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi გაიხსნა.

სასტუმრო ფოსტის ყოფილ შენობაში გაიხსნა, რომელსაც ძველი იერსახე აქვს შენარჩუნებული. ისტორიული ფოსტის შენობა 1920-იანი წლებით თარიღდება.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მორიგი წვლილი.

სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ჰუსნუ ტაიანჯიმ და თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ ევროპის „რედისონ ჰოტელ გრუპის“ რეგიონულმა დირექტორმა, ანტუან მუბარაკმა განაცხადეს, რომ საქართველოში „რედისონ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ შექმნილი ეს მე-4 სასტუმროა.

„თბილისი და ეს ქვეყანა ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. ამ მშვენიერ ქვეყანას 2008 წლიდან ვსტუმრობ და პირველად გავხსენით „რედისონ ბლუ ივერია“ და ვპარტნიორობთ „სილქ ჯგუფთან“. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მეოთხე პროექტს თბილისში და კიდევ მეტი იქნება უახლოეს მომავალში. რატომ ვართ დღეს აქ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ამ ქვეყნის, გვჯერა მისი პოტენციალის, მისი მდიდარი კულტურის, არქიტექტურის და მისი მშვენიერების. მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ ადგილობრივი მემკვიდრეობა, შევინარჩუნოთ საერთაშორისო თანამედროვეობა, ისევე როგორც ადგილობრივი მემკვიდრეობა. მე, პერსონალურად, როგორც ლიბანელ ფრანგს, რაღაც საერთო მაქვს საქართველოსთან, მის კულტურასთან, გასტრონომიასთან, ღვინოსთან. როგორც ყოფილი მორაგბე, წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე“, – განაცხადა ანტუან მუბარაქიმ.