სოკოლ დედჯა - დასავლეთ ბალკანეთის მაგალითმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა
დასავლეთ ბალკანეთის მაგალითმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, როგორც ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, – ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედჯამ განაცხადა, რომელიც ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„თავად კონფერენცია და მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენს საერთო მისწრაფებებს, ჩვენს საერთო ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასავლეთ ბალკანეთის მაგალითმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, როგორც ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს ნიშნავს ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც ვახორციელებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ეს რეფორმები რთულია და მოითხოვს ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – განაცხადა სოკოლ დედჯამ.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და ალბანეთში ბევრი პროცესი ერთმანეთის მსგავსია – ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების საშინაო კანონმდებლობაში დანერგვა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მართვა.
„საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და ალბანეთში ბევრი პროცესი ერთმანეთის მსგავსი ან ერთნაირია – ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების ჩვენს საშინაო კანონმდებლობაში დანერგვის პროცესი, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მართვა. ჩვენთვის საერთო პროცესები არის კარგი საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისთვის გამოცდილების გაცვლის გზით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, რა არის მთავარი სირთულე ევროინტეგრაციის გზაზე, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთავარი სირთულე არის ევროკავშირის მხრიდან საჭიროება, უფრო მკაფიო გახადოს გაწევრიანების პერსპექტივა.