სოფო ვერძეული - ხელისუფლება ყველანაირი პოლიტიკური ფასის გადახდისთვის მზადაა, რომ უზენაესი სასამართლო კლანს ჩაუვარდეს ხელში
სოფო ვერძეული - ხელისუფლება ყველანაირი პოლიტიკური ფასის გადახდისთვის მზადაა, რომ უზენაესი სასამართლო კლანს ჩაუვარდეს ხელში

მმართველი გუნდი პირობას არ ასრულებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ელოდებიან, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება.

„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სამწუხაროდ ამ კანონპროექტის ავტორები ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ კლანს, რომელსაც თავისი ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება სურს, ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ“, – განაცხადა ვერძეულმა.

მისი შეფასებით, კომიტეტის დღევანდელი სხდომა დასტურია, რომ ხელისუფლება ყველანაირი პოლიტიკური ფასის გადასახდელად არის მზად.

„ჩემთვის დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ყველანაირი პოლიტიკური ფასის გადახდისთვის მზად არის, რომ უზენაესი სასამართლო ხელში ჩაუვარდეს კლანს, რომელიც სასამართლოში სხვადასხვა ინსტანციას აკონტროლებს“, – განაცხადა ვერძეულმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.