სოფო ქაცარავა - შეთანხმება, რომელიც დღეს გაფორმდა, ჩვენთვის ბრიტანეთთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, დიდ ბრიტანეთთან იგივე შეთანხმება გაფორმდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით აქვს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქაცარავამ განუცხადა, დღეს გაფორმებული დოკუმენტით დადასტურდა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია.
„როცა ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაზე გადავალთ. გაფორმებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიტანეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან საქართველო სანდო პარტნიორია და ეს ამ დოკუმენტში აისახა. მათ შორის საუბარია, თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ კავშირებზე და ა.შ. ხაზს ვუსვამ ეკონომიკურ კავშირებს, რადგან იგივე შეთანხმება გვექნება, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გვაქვს. ჩვენთვის შეთანხმება შესაძლებლობაა, ბრიტანეთთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით”, – დასძინა სოფო ქაცარავამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა დღეს ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.