სოფო ქაცარავა - საშინელი პროვოკაციული ფონის მიუხედავად, პოლიცია გუშინ მოწოდების სიმაღლეზე იდგა
გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი, გაგვიმართლა, რომ მანქანაში ოთხი ქალი იმყოფებოდა, თორემ სხვა რომ ყოფილიყო, აუცილებლად უბედურება მოხდებოდა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სოფო ქაცარავამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საშინელი პროვოკაციული ფონისა, ისინი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორი წელია, რომ მაქსიმალურად ვარიდებ თავს ნებისმიერ პროვოკაციულ რიტორიკას და ქმედებას, არ აგყვეთ. არც მომავალში ავყვები არავითარ შემთხვევაში, რადგან არ ვთვლი, რომ ჩემი ენერგია და დრო ამაზე უნდა დავხარჯო. გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი, პირადად მე შემეხო და ჩემს კოლეგებს. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იმ მანქანაში იყო ოთხი ქალი, რადგან იქ დაგეგმილი იყო წინასწარ გამიზნული პროვოკაცია. უბრალოდ ქალები არ ცემეს, თორემ სხვა რომ მჯდარიყო მანქანაში, აუცილებლად უბედურება მოხდებოდა.
მართლა თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, რაც ვნახე ჩემი თვალით, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მანიპულირების მსხვერპლები არიან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციონერობა ასეთი ფორმით წარმოუდგენია. გულწრფელად ვთვლი, რომ ინაუგურაცია ძალიან ღირსეულად გაიმართა მიუხედავად საშინელი პროვოკაციული ფონისა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პოლიციელებს. ისინი იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან მძიმე პროვოკაციული ფონის მიუხედავად, პოლიციამ შეინარჩუნა სიმშვიდე, არ აგყვათ და თავისი საქმე გააკეთა პროფესიონალურად“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სოფო ქაცარავას დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა და უთხრა, რომ მანქანაში მამაკაცებიც ისხდნენ.
„არ მინდა, საზოგადოება შევაჩვიოთ ამ არაჯანსაღ დებატებს. თქვენგან განსხვავებით მე არ ვიცი დემაგოგია რა არის. მიხარია, რომ დემაგოგია არ ვიცი, პოლიტიკაში ვარ ორი წელია და ვერ ვისწავლე, არც არასდროს ვისწავლი დემაგოგიას“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
თელავში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, გზა გადაუღობეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს.