სოფო ქაცარავა - რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ ახალი არ არის, გავაგრძელებთ იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია
რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ ახალი არ არის, გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა, გავაგრძელებთ იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საუბარი და აღნიშნა, რომ მსგავსი თემატური მოსმენები კომიტეტის დღის წესრიგი გახდა.
„გუშინ კომიტეტში მოსმენა გვქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით. ამაში გასაკვირი და არაორდინალური ნამდვილად არაფერი არ არის. უმცირესობის მხრიდან იყო არაორდინალური დამოკიდებულება და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, კომიტეტი უნდა ჩაგვეტარებინა თუ არა დახურულ ფორმატში, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური იყო.
არაერთხელ მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, როგორ ტარდება მსგავსი მოსმენები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი. ძალიან ხშირად ვუყურებ მათ საკომიტეტო მოსმენებს, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ძალიან ხშირად გამჩენია ასეთი ცივილიზებული ფორმითა და სტანდარტით სხდომის გამართვის სურვილი, სადაც აბსოლუტურად ყველა მხარე ყოველგვარი ისტერიის გარეშე უსმენს მინისტრს, პოლიტიკოსებს და უსვამენ მწვავე კითხვებს, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენი ოპოზიცია აკეთებს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
სოფო ქაცარავას თქმით, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ ახალი არ არის და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მხრივ ძალიან პრინციპული მიდგომა აქვს.
„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის სპექტაკლებს და გულწრფელად ვერ ვხვდები, რა არის ამის მიზანი. ცალსახაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს აღარ უნდა აინტერესებდეს და არც უნდა სიამოვნებდეს.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად სწორია. ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. მძიმე ვითარების მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი ინიციატივები საბოლოო შედეგს გამოიღებს. არაღიარების პოლიტიკას ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს და ესეც ჩვენი პოლიტიკის შედეგია. რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ არ არის ახალი, გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა და აუცილებლად გავაგრძელებთ იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია. არსებობს ორი გზა – დავკავდეთ პოპულიზმით, უპასუხისმგებლო განცხადებებითა და ქმედებებით ან მივუდგეთ ყველაფერს პასუხისმგებლობით, პრაგმატულად და პრინციპულად“, – განაცხადა ქაცარავამ.