სოფო ქაცარავა - რატომ წამოჭრა პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის სურვილი, როდესაც მას შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ინიციატივისთვის
სოფო ქაცარავა - რატომ წამოჭრა პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის სურვილი, როდესაც მას შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ინიციატივისთვის

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავასთვის გაუგებარია, რატომ წამოჭრა პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის სურვილი, როდესაც მას შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების ინიციატივისთვის, რომელიც მაღალი დონის შეხვედრის მხარდაჭერას გულისხმობდა.

როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთხელ ითქვა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთთან პრაგმატული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა ჩვენი სწორი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ჩნდება კითხვები, რატომ წამოჭრა მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი. არაერთხელ ყოფილა მოცემულობა, როდესაც პრეზიდენტს შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ინიციატივისთვის, რომელიც გულისხმოდა მაღალი დონის შეხვედრის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარებისკენ თუნდაც მცირედი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთთან პრაგმატული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, რაზეც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.  „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.