სოფო ქაცარავა - რაც მე და ჩემმა კოლეგებმა გუშინ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, სცდება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპს, ზღვარსა და ნორმას
გუშინ თელავში იყო ძალადობის გამოვლინება, რა დროსაც მოგვაყენეს საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება. ასევე, კიდევ ერთხელ მივულოცო ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა. გუშინ ინაუგურაციის ცერემონია მართლაც მაღალ დონეზე წარიმართა და ჩვენი ქვეყანა წარმოჩნდა ღირსეულად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, მიუხედავად მძიმე პროვოკაციული ფონისა.
მინდა, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და აღვნიშნო, რომ ამ ორი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გავხდი პარლამენტის წევრი, მაქსიმალურად თავს ვარიდებდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ რიტორიკასა და ქმედებებზე აყოლას. ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება პოლიტიკური ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს იმსახურებს. არ მინდა დაძაბულობის უფრო მეტად გაღვივება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება“, – წერს სოფო ქაცარავა.
მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და თავისუფალი მედია დემოკრატიული სამყაროს პრინციპებია და საქართველოს ხელისუფლება, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი, ზემოხსენებული პრინციპების ერთგულია.
„თუმცა ის, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა გუშინ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, სცდება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპს, ყველა ზღვარსა და ნორმას.
ეს იყო ძალადობის გამოვლინება, რა დროსაც მოგვაყენეს საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ, ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობის წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და კარგად გამოხატავს მათ რეალურ სახეს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.
ცხადია, არც მომავალში ავყვები მათ პროვოკაციებს, რადგან პირადად მე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო პროცესებში ვარ ჩართული და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის პროგრესში, განვითარებაში და იმ მიზნების მიღწევაში, რაც დასახული გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – წერს სოფო ქაცარავა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომლებმაც მისი თქმით, მიუხედავად ძალიან მძიმე პროვოკაციული ფონისა, შეინარჩუნეს სიმშვიდე და გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი.
„ასევე ყველას მადლობა, ვინც გუშინ გამოგვეხმაურა და მხარდაჭერა გამოხატა“, – წერს სოფო ქაცარავა.
გუშინ თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, გზა გადაუღობეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს.