სოფო ქაცარავა იმედოვნებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერილი იქნება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას მოლოდინი აქვს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერილი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, ეუთო-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.
„ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, რომ ბერლინის ასამბლეაზე რეზოლუციის ის პროექტი დავამტკიცოთ, რომელზეც თვეების განმავლობაში ვმუშაობდით და რომელიც აგვისტოს ომის ათი წლის თავს ეძღვნება. პროექტში ასახულია ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საკითხს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და იმის მოთხოვნას, რომ საერთაშორისო მონიტორის მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშვებული იყოს. ჩვენი მოლოდინია, რომ ხმათა უმრავლესობა რეზოლუციას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა ქაცარავამ.
ბერლინი 7-11 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიას უმასპინძლებს. სესიაზე დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები არიან.
სოფო ქაცარავას განცხადებით, ასამბლეაზე გატანილი იქნება რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე ეხება.