სოფო ქაცარავა - გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია არის ისტორიული შესაძლებლობა საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად
გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია, საერთაშორისო დონეზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებაა, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა სოფო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში დადგემილ მსოფლიო ლიდერთა სამიტს 120-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი დაესწრება.
„გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში, გლაზგოში დაგეგმილ მსოფლიო ლიდერთა სამიტს, რომელიც პირველ ნოემბერს იხსნება, 120-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი ესწრება. COP26 არის ისტორიული შესაძლებლობა საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე ერთობლივი ძალისხმევით კლიმიტის ცვლილებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილე ლიდერებს და ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ამდენი სახელმწიფო მეთაურის მონაწილეობა ზუსტად იმას ნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილების თემატიკას ზოგადად. ეს ისტორიული შეხვედრა გლაზგოშია, სამიტი, სადაც მოლოდინია, რომ შედგეს შეთანხმება საერთაშორისო ვალდებულებებზე და ასევე განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კლიმატის ცვლილებასა და გამოწვევებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიგაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობას 1-2 ნოემბერს მიიღებს. პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით პირველ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.