სოფო კილაძე - ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს
ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, აზარტული თამაშების მსხვერპლ ადამიანებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
„ყველა ჩვენგანის გარშემო არსებობს ადმიანი, რომელიც არის აზარტული თამაშების მსხვერპლი და სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს მათზე პასუხისმგებლობა. ამ ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო ადამიანებს ვკარგავთ, ვინაიდან ისინი გამუდმებით ფიქრობენ, საიდან მოიტანონ ფული, ხდებიან შრომისუუნაროები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა კამპანია და, რა თქმა უნდა, მედიის აქტიური ჩართულობა. ასევე საჭიროა, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მიიღონ და ჩვენი კომიტეტი ამას აუცილებლად მხარს დაუჭერს, თუმცა იქამდე იქამდე აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ვიმსჯელებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი უკვე შესულია, რომელიც აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტით, აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება.