ვფიქრობ, შეწყალების საკითხს ოპოზიცია ხელოვნურად აჟიტირებს, ყველა ვთანხმდებით, რომ მკვლელების შეწყალება ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი, ამას თავად პრეზიდენტიც ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა დაადგენს, იყო თუ არა ამ პროცესში დანაშაულის ნიშნები.
„არ მგონია, ამ თემების ხელოვნურად აჟიტირება სწორი იყოს. ზედმეტი აჟიტირება ამ პროცესს უფრო აზიარებს. თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქედან გამომდინარე, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. დღეს პრემიერმაც თქვა, რომ თუ საჭირო გახდება საგამოძიებო ორგანოებში მივა და გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი ან გამოკითხვაზე დაბარება თუ იქნება შესაძლებელი, კილაძე ამბობს, რომ ხელშეუხებელი პიროვნებები არ არსებობენ.
„ხედავთ, რომ პროკურატურამ პრეზიდენტთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამიტომ ამ საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, რაც საჭირო იქნება აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ჩემიდან დაწყებული, ნებისმიერ შემთხვევაში კანონს დაემორჩილება“, – აღნიშნა კილაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უწოდებენ შეცდომას სალომე ზურაბიშვილის შეწყალებას, როცა წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების მიმართ მმართველი გუნდი მწვავე და კრიტიკული იყო, დეპუტატი აცხადებს, რომ ამ საკითხზე გარკვეული წრეების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი.
„მაქვს განცდა, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული წრეების მხრიდან ნამდვილად ორმაგი სტანდარტებია. ის რაც მარგველაშვილის შემთხვევაში იყო მისაღები ამ წრეებისთვის, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში მისაღები არ არის. „ქართული ოცნებისთვის“ მარგველაშვილის შემთხვევაშიც და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. „ქართული ოცნება“ არ ყოფილა რბილი არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ. ობიექტურად თუ შეხედავთ, ამას „ქართულ ოცნებას“ ვერ დასწამებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.