სოფო კილაძე - ოფიციალური პირი სხვა ქვეყნის არჩევნებში როცა პირდაპირ ერევა და უხეშ მოწოდებებს აკეთებს, ეს არის საშინაო საქმიანობაში ჩარევა, რაც დაუშვებელია
როდესაც ოფიციალური პირი სხვა ქვეყნის არჩევნებში პირდაპირ ერევა და სხვადასხვა სახის უხეშ მოწოდებებს აკეთებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმიანობაში ჩარევა, რაც დაუშვებელია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
საუბარია სააკაშვილის იმ განცხადებაზე, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.
საკითხზე საუბრისას კილაძემ ავსტრიის ელჩის დღევანდელი განცხადებაც გაიხსენა.
„ავსტრიის ელჩმა ძალიან კარგი პასუხი გასცა, ევროპული, დიპლომატიური. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც დემოკრატიის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგა. მესმის, რომ ეს აღიარება ოპონენტებს აღიზიანებთ, მაგრამ ეს ფაქტია, ამას ამბობს ევროპა, ამერიკა და საზოგადოების დიდი ნაწილიც. მგონია, რომ სააკაშვილის განცხადებები უკრაინას უქმნის უხერხულობას, რადგან ვინმემ რაც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინის წარმომადგენელი, ის ოფიციალურ თანამდებობას იკავებს. აქედან გამომდინარე, ის არის ოფიციალური პირი. როცა ოფიციალური პირი სხვა ქვეყნის არჩევნებში პირდაპირ ერევა და სხვადასხვა სახის უხეშ მოწოდებებს აკეთებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმიანობაში ჩარევაა, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული და კარგად ასრულებს სამუშაოს ბალანსის შენარჩუნებით“.