სოფო კილაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად
მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად, კანონის საფუძველზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.
კილაძის თქმით, სახელმწიფოს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში რა ვალდებულებებიც აქვს, ეს ვალდებულება ყველას მიმართ განუხრელად უნდა განახორციელოს.
„არ შეიძლება, კონკრეტული ადამიანი რაიმე ნიშნით გამოვარჩიოთ. კანონი რასაც გვავალდებულებს, ის უნდა შევასრულოთ, რაც ჭეშმარიტებაა. სამწუხაროდ, საქმის დეტალები არ ვიცი. სააკაშვილის საქმე არის ის საქმე, რომელსაც უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად, კანონის საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი და ამის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა იმის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ვინ მოსწონს და ვინ არა“, – განაცხადა კილაძემ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს 12 იანვარს შეხვდა. შეხვედრა უკრაინაში შედგა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც.