სოფო კილაძე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად, უკრაინის წარმომადგენელია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ ერევა.
კილაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სააკაშვილი არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს.
„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი, ოფიციალური წარმომადგენელი და ის თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ამით გამოდის, რომ არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. ოპონენტებისგან ორმაგი და ასმაგი სტანდარტები არ გვიკვირს, რადგან როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უკრაინის შიდა საქმეებში არ ჩაერიოთო, ახლა გამოდის, რომ უკრაინას მოუწოდებენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, რადგან სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.