სოფო კილაძე - გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის ერთობიდან გასვლა არის ფორმალური, რაც ადასტურებს, რომ მათ საერთო ინტერესები არ გააჩნიათ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ე.წ. „ძალა ერთობაშია“ რეალური ერთობა არ არის და ვერც იქნება, რადგან იქ ადამიანები ხელოვნურად არიან გაერთიანებული. კილაძის თქმით, მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ.
ჟურნალისტებთან საუბარში, სოფო კილაძე გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ბუნებრივია, პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი ვერ გააერთიანებთ, მით უფრო, როცა თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ამბიცია აქვს, რომ პირველი იყოს.
„ნაცმოძრაობა“ პირველობას არავის დაანებებს. მათ შორის არის ინტერესთა შეუთავსებლობა, განსხვავებული ინტერესები. გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის ერთობიდან გასვლა არის ფორმალური, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მათ საერთო ინტერესები არ გააჩნიათ“, – განაცხადა კილაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.