სოფო კილაძე - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დადასტურდა ის, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, როგორც იქნა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გაიხსნა.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დადასტურდა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა და სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ ეს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შეკვეთილი.
„როგორც იქნა, საქმე გაიხსნა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლა 2011 წელს დაიწყო და არც ერთი დღე არ გაჩერებულა, რადგან „ნაციონალები“ მუდმივად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას ლაფი შეასხან“, – განაცხადა კილაძემ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.