სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი „მაუწყებლობის კანონზე" ვეტოს დადებით პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებდეს 
სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი „მაუწყებლობის კანონზე" ვეტოს დადებით პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებდეს 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მომხრეა, რომ საკანონმდებლო ორგანომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო დაძლიოს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სიღრმისეულად არ გაცნობია, მაგრამ კომერციულ რეკლამასა და შესყიდვების ნაწილზე ვეტოს დადება წონადი არგუმენტი არ არის.

“ასეთი ცვლილებები საჭიროა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ევროპის გამოცდილებას მუდმივად ვიზიარებთ. კითხვები ჩნდება, ხომ არ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ამას ყველაზე კარგად პასუხს საქართველოს მოსახლეობა გასცემს. საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. მისი მხრიდან ეს მინიშნებაა, რომ შავ ჩრდილში მოაქციოს ცვლილებები. პრეზიდენტმა რა არგუმენტებიც წარმოადგინა, ეს არგუმენტები წონადი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ, მოტივირებულ შენიშვნებში რა წერია. ჩემი განწყობაა, რომ წონადი არგუმენტები არ არის, ამიტომ ვეტო უნდა დავძლიოთ, ვიდრე არ დავძლიოთ”, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.