სოფო კილაძე - აქციის მონაწილეები ჩემთან შეხვედრაზე შეთანხმებულნი იყვნენ და არ მოვიდნენ, ახლა პერფორმანსებს დგამენ და ღია კარს ამტვრევენ
აქციის მონაწილეები ჩემთან შეხვედრაზე შეთანხმებულნი იყვნენ და არ მოვიდნენ, ახლა პერფორმანსებს დგამენ და ღია კარს ამტვრევენ, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფო კილაძემ მის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანები პროვოცირებას ცდილობენ და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა. რაც შეეხება ბრალდებებს, მაშინდელი „სირცხვილია“ და ახლანდელი „შეცვალეს“ წევრები ჩემთან შეხვედრაზე შეთანხმებულნი იყვნენ და ისინი ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ. ახლა მათგან ვერავითარ პრეტენზიებს ვერ მივიღებ, რომ სოფო კილაძე არ გვხვდება, განცხადებას და რეაგირებას არ აკეთებს. როდესაც შეხვედრა ჰქონდათ, მაშინ შეეძლოთ მოსვლა და შეგვეძლო, სამუშაო რეჟიმში გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათ ეს არ ისურვეს. ახლა მოდიან, პერფორმანსებს დგამენ და რეალურად ღია კარებს ამტვრევენ. რაც შეეხება ჩემს ბიუროსთან შეკრებას, მე, რა თქმა უნდა, იქ არავის მობილიზებას არ ვაპირებ. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. შეუძლიათ, მშვიდად გამოხატონ თავიანთი პოზიცია, თუ კანონის ჩარჩოებიდან არ გავლენ, შეკრებას ყოველგვარი პერფორმანსების გარეშე დაასრულებენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დეპუტატ სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ.